Monday, November 26, 2018


                          პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


კვლევის სათაური:  ,,უცხო ენის სწავლებისას  ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები’’
          
  სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის  ინგლისური ენის  მასწავლებელი  ეთერ საფარიძე
                                                                              
                                                                               2017 ___ 2018 წ.




                                            სარჩევი
1.შესავალი ____________________________________ გვ:3
2.კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები ________გვ:4
3.კვლევის მიზანი და გეგმა_______________________ გვ: 4
4.ლიტერატურის მიმოხილვა  ___________________ გვ: 5--8
5.საკვლევი საკითხის არსის გაანალიზება _________გვ: 9--
6.მონაცემთა ანალიზი____________________________გვ:12__14
7.კვლევის მიგნებები______________________________გვ:14
8.ინტერვენციები_________________________________ გვ: 15
9.ინტერვენციის შეფასება _________________________გვ:17
10.რეკომენდაციები _____________________________-გვ:18
11.დასკვნა_______________________________________ გვ:19
12. კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარება( რეფლექსია) გვ:19
13.ბიბლიოგრაფია _______________________________ გვ: 20
14.დანართები_______________________________ გვ:21__22


შესავალი:
პრობლემის აქტუალურობა
პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო საშუალება იმის წარმოსაჩენად თუ როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და ჩვენი, როგორც პედაგოგის საქმიანობა. ნათქვამია არ არსებობს იოლი და ხელსაყრელი სიმართლე, სიმართლისთვის თვალის გასწორება კი გვიჭირს ჩვენ პედაგოგებს, როცა ჩვენი პასუხისმგებლობა და შრომა სარკესავით აირეკლება ხოლმე ჩვენს მოსწავლეებში.პრაქტიკული კვლევა მასწავლებელს ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებაში, თანამშრომლობაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში.
წინამდებარე ნაშრომს წარმოადგენს სსიპ დოლოგნის საჯარო სკოლის უცხოური  ენების კათედრის  რუსული და ინგლისური ენის მასწავლებლები. ნაშრომი წარმოადგენს  უცხო ენის სწავლების ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას__ ზეპირმეტყველებას.საერთოდ უცხო ენის სწავლება ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: მოსმენა, საუბარი, წერა და კითხვა. ოთხივე უნარჩვევა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ზეპირმეტყველების უნარი კი ერთ-- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში. სამიზნე კლასად ავირჩიეთ საბაზო საფეხურის მერვე კლასი. მოგეხსენებათ,  რომ  საბაზო საფეხურზე ძირითადი აქცენტი კეთდება ლექსიკური ერთეულების ცოდნასა და გამოყენებას. აღმოჩნდა, რომ  დაწყებით საფეხურზე ზეპირმეტყველების უნარი შედარებით კარგად წარიმართება, ვიდრე მაღალ კლასებში. მიუხედავად იმისა ,რომ მოსწავლეებმა კარგად იციან გრამატიკული წესები, მათი გამოყენების ხერხები, კითხვა, კარნახით წერა უჭირთ ზეპირი მეტყველება. აქვთ იმის შიში რომ შეცდომას დაუშვებენ და ეს სირცხვილია.აკლიათ თავდაჯერებულობა. არ უარვყოფთ იმას რომ შეიძლება ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ხელს უშლის შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული წესების არცოდნა.
სწორედ ამ პრობლემაზეა საუბარი კვლევის ანგარიშში.კვლევის მიზანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ინტერვენციები, რომლებიც დაეხმარება საბაზო საფეხურის მერვე კლასის მოსწავლეებს ზეპირმეტყველების უნარ -- ჩვევების დაუფლებაში.





                                   
                             კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები
მთავარი კითხვა: რატომ ვერ ახერხებენ მოსწავლეები ზეპირ კომუნიკაციას უცხო ენის სწავლებისას.
ქვეკითხვები:
Ø რამდენად ხშირად ხდება  ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
Ø ხდება თუ არა დიალოგური ფრაზების  დაზეპირება საგაკვეთილო პროცესში
Ø იმეორებენ თუ არა მოსწავლეები ნასწავლ ლექსიკას ყოველ გაკვეთილზე
Ø რა უშლის ხელს მოსწავლეებს სწორად მეტყველებაში
Ø ხდება თუ არა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება სასაუბრო თემების შერჩევისას
Ø ვიყენებთ თუ არა ზეპირმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდებს .
Ø რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სამომავლოდ.
Ø რა მეთოდებითა და სტრატეგიებით შევძლებთ  ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებულ  პრობლემების გადაჭრას.

                                     კვლევის მიზანი და გეგმა
ჩვენს მიერ შერჩეული საკვლევი თემის მიზანია:
1.     მოსწავლეებში  ზეპირი მეტყველების უნარ--ჩვევების ხარისხის დადგენა
2.     საკვლევ საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურის დამუშავება
3.     თანამშრომლებთან პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება
4.     მოსწავლეებში ზეპირი მეტყველების უნარ-- ჩვევების გაუმჯობესება
5.     დავადგინოთ ავითარებს თუ არ თანამედროვე მეთოდების გამოყენება ზეპირი კომუნიკაციის უნარ-- ჩვევებს.

                                             სამოქმედო გეგმა
1.ლიტერატურის მოძიება, გაცნობა და ანალიზის გაკეთება.
2. .ფოკუსჯგუფი  მასწავლებლებთან
3.წერილობითი ინტერვიუ მოსწავლეებთნ.
4. აღწერითი  დაკვირვება
5.მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენა ინტერვენციამდე და მათი ანალიზი
6.ზეპირი მეტყველების მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა და ინტერვენციების განხორციელება
7.ინტერვენციის შედეგების ანალიზი
8.რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის გამოტნა
                                ლიტერატურის   მიმოხილვა
საკვლევ საკითხთან დაკავშირებით მოვიძიეთ სხვადასხვა ლიტერატურა რომელიც განთავსებულია ინტერნეტის სხვადასხვა ვებ გვერდებზე.ამ ლიტერატურის დამუშავებამ  დაგვეხმარა საკითხის უკეთ გაანალიზებაში და მოსწავლეებზე მორგებული სტრატეგიების შერჩევაში.
ერთ ერთი წყარო, რომელიც მოვიძიეთ ესაა ეროვნულ სასწავლო გეგმის პორტალზე განთავსებული ინფორმაცია. ,, ncp.ge’’.
სფეროში __ მეტყველების განვითარება გაერთიანებულია ორი ქვესფერო: მეტყველება და წიგნიერება.მეტყველება გულისხმობს ზეპირმეტყველებას, ბავშვის უნარს, ერთი მხრივ გამოთქვამს თვისი შეხედულებები,ფიქრები, მეორე მხრივ მოისმინოს და აღიქვას გრშემომყოფების ნათქვამი.
მეტყველება__ ენა და აზროვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკვშირებული, ენა ზრდის გამოხატვის საშუალებაა.ენას თავისი კანონები აქვს, რომელიც საერთოა ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისათვის.რა განსხვავებაა ენასა და მეტყველებას შორის?.მეტყველება ამოქმედებული ენაა, რომელსაც კონკრეტული ადამიანი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებს.
ზეპირმეტყველება მოიცავს რეცეპტულ მეტყველებას ( რა ესმის) ექსპრესიულ მეტყველებას ( რისი  თქმა შეუძლია) და პრაგმატულ განვითარებას ( რა სიტუაციაში და როგორ იყენებს ენის ცოდნას).
გამოიყოფა მეტყველების სხვადასხვა ტიპები: პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება მოიცავს ბავშვის უნარს სიტყვიერად გამოხატოს სხვადასხვა შინაარსი, ბავშვი იწყებს ღუღუნს ,ტიტინს, სიტყვების ფრაზების წრმოთქმას.თანდათან  ბავშვი სულ უფრო მეტს სიტყვას იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ გრამატიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება გაბმულ მეტყველებას.
პრაგმატული განვითარება გულისხმობს დიალოგურ უნარ__ ჩვევის ჩამოყალიბებას, გასაგები კომუნიკაციის დ თხრობის უნარის გამომუშავებას.რა მიზნით და რა სიტუაციაში იყენებს ენას ბავშვი? პრაგმატული განვითარება იწყება მოთხოვნილებისა დ სურვილის გამოხატვით და სრულდება წარმატებული კომუნიკაციით.
მეტყველების განვითარების ხელშეწყობისათვის ყველა ბავშვთან საჭიროა შემდეგი სტრატეგიების გამოყენება: ბავშვის, საუბრისა და ურთიერთობის წახალისება, ხშირი საუბარი,მარტივი და გამართული ენით საუბარი. ურთიერთობის დადებითი მაგალთის მიცემა, კომუნიკაციის ძირითადი სოციალური ნორმების დაცვა.
კვლევაზე მუშაობის დროს ასევე ძალიან დაგვეხმარა ,,www.mastsavlebeli.ge’’ ინტერნეტ ჟურნალი__ ,,მასწავლებელი’’,  ნათია ქათამაძის მიერ განთავსებულმა სტატიამ ,,ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში.’’( 16 თებერვალი, 2016წ)
უცხო ენის სწავლება ძირითადად ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. მოსმენა, საუბარი, წერა და კითხვა. ოთხივე უნარ-ჩვევა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და იმისთვის რომ უცხო ენის შესწავლა წარმატებით განხორციელდეს, ოთხივე მიმართულების  განვითარება შესაფერისი აქტივობების დაგეგმვით თანაბარ დონეზე  უნდა მიმდინარეობდეს.
    ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა.  ამ უნარის განვითარება ამავდროულად პრობლემურიცაა, რამდენადაც შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგ: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების არცოდნით, ასევე  შეცდომის დაშვების შიშით. ამიტომ მასწავლებელმა ზეპირმეტყველების აქტივობების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და, სახალისო აქტივობების გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის დაშვების შიში.
შესაძლებელია მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს ვიდეო, რომლებშიც წარმატებული პრეზენტატორები საჯაროდ გამოსვლის დროს შეცდომებს უშვებენ და მათთვის არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თუმცა მაინც წარმატებულად აგრძელებენ გამოსვლას. მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ შეცდომა შესაძლებელია ნებისმიერმა ადამიანმა (ამ შემთხვევაში წარმატებულმა)  დაუშვას და შესაძლოა დაეხმაროს მათ დაძლიონ სიმორცხვე ან შიში და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე არ მოექცეს მასწავლებლის ზეგავლენის ქვეშ და არ შეასრულოს იძულებითი პერფორმანსი, პირიქით, დავაკისროთ მათ ისეთი დავალების შესრულება, რომელიც ნაკლებ საუბარს ითვალისწინებს, შევაქოთ მისი ნებისმიერი მცდელობა, რაც აუმაღლებს მას თვითშეფასებას და გაზრდის მის დავდაჯერებულობას.  მასწავლებელი უნდა ეცადოს გაზარდოს მოსწავლის შინაგანი მოტივაცია წახალისებით, მოდელირებით და ასე მიიყვანოს მოსწავლე სასურველ შედეგამდე.
აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება
     სალაპარაკო აქტივობების შერჩევის და დაგეგმვის პროცესში მასწავლებელი მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს:
1.საჭიროა თუ არა თემასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების თუ ფრაზების წინასწარ მიწოდება მოსწავლეებისთვის?
2.როგორ იმუშავებენ მოსწავლეები? წყვილებში? ჯგუფურად?
3.როგორ მიაწოდებს უკუკავშირს მოსწავლეებს?
ამასთანავე აქტივობები უნდა იყოს მოსწავლეების დონის შესაფერისი, საინტერესო და სახალისო. ინსტრუქცია უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ თითოეულმა მოსწავლემ საფუძვლიანად გაიგოს შესასრულებელი დავალება. დაცული უნდა იყოს დროის ლიმიტი, და მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, როგორ და რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება. სალაპარაკო აქტივობებისთვის ძირითადად გამოიყენება შეფასების სქემები, . რუბრიკები, რომლებშიც ნათლადაა ასახული აქტივობის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები. ზეპირმეტყველების განმავითარებელი აქტივობები ძირითადად 2 მიმართულებით ფასდება: accuracy-სიზუსტე (გრამატიკა, წარმოთქმა, ლექსიკური მარაგი) და fluency გაბმული მეტყველება.
ზეპირმეტყველების განმავითარებელი სტრატეგიები/აქტივობები საბაზო/საშუალო
                                                  საფეხურზე

საწყის ეტაპზე მოსწავლეები ისრუტავენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გადავცემთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვუმუშავოთ მათ სწორი წარმოთქმის უნარი. თანამედროვე სახელმძღვანელოთა უმრავლესობას თან ერთვის კომპაკტ დისკები (CD) აუდიო და ვიდეო მასალით, სახალისო ტექსტებით და გახმოვანებებით. მოსმენის პროცესში მოსწავლეები იმეორებენ სიტყვებს, და აკეთებენ გმირების იმიტაციას. მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც მოსმენის, ასევე სწორი წარმოთქმის უნარიც, რაც მნიშვნელოვანია ზეპირმეტყველებისთვის. სურვილის შემთხვევაში ისინი ინაწილებენ როლებს და ახორციელებენ შესაბამის აქტივობას. გასათვალისწინებელია რომ ამ ეტაპზე მოსწავლეები უფრო ექსტროვერტები არიან და უყვართ თავიანთი ინგლისურით თავის წარმოჩენა.
როლური თამაში (role-playing)
როლური თამაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. იგი წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შესაფერის როლებს და მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, და ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. როლური თამაშისთვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მოამზადებინოს სცენარი ან გეგმის მარტივი მონახაზი და დაეხმაროს როლების გადანაწილებაში. წარმოგიდგენთ საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებულ როლური თამაშის მაგალითებს:
სიტუაცია 1: ორგანიზაციის დირექტორს სურს შეიძინოს 3 საჩუქარი წარმატებული თანამშრომლების დასაჯილდოებლად. გაითამაშეთ სიტუაცია როლების მიხედვით ორგანიზაციის დირექტორი, გამყიდველი და მაღაზიის მეპატრონე.
სიტუაცია 2: მაშველებმა მოახერხეს გოგონას გადარჩენა და წყლიდან გამოყვანა ნავის ჩაძირვის შემდეგ. ჟურნალისტს სურს მოამზადოს სტატია აღნიშნულ ფაქტზე. გაითამაშეთ როლური სიტუაცია როლების მიხედვით: გოგონა, მაშველი, ჟურნალისტი.
    შესაძლებელია კითხვები წინასწარ დაიგეგმოს მოსწავლეების ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინების მიხედვით.
გმოკითხვა წყვილებში (peer-interview)

გამოკითხვა წყვილებში საუკეთესო სტრატეგიაა სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, როცა მოსწავლეებს ათვისებული აქვთ საბაზო ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები. საწყის ეტაპზე სასურველია მოსწავლეებს მიაწოდოთ გამზადებული კითხვები ჰენდაუტების სახით ამა თუ იმ თემის ირგვლივ.  მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად, ინტერვიუვერი და რესპონდენტი, ისინი აწარმოებენ გამოკითხვას და აკეთებენ რეპორტს მოპოვებული ინფორმაციის წარდგენით. შესაძლებელია როლების გაცვლა. საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს აქვთ საკმარისი გამოცდილება თვითონ შეადგინონ კითხვები, რომლებსაც გამოიყენებენ ინტერვიუსთვის. კითხვები შეიძლება კავშირში იყოს როგორც ლექსიკურ თემატურ ერთეულთან, ასევე გრამატიკულ მასალასთან. აქტივობის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ ურთიერთდაკვირვების და თვითშეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ შეაფასონ  საკუთარი ცოდნა, გამოავლინონ ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც დაეხმარება მათ შემდგომი სწავლის დასაგეგმად.

მთხრობელობა (story-telling)
 მთხრობელობა სალაპარაკო უნარის განვითარებასთან ერთად მოსწავლეებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. არსებობს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მთხრობელობის გაუმჯობესებას. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ სასწავლო პროცესში გამოყენებულ ერთ-ერთ აქტივობას. მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4-5 კაციან ჯგუფებად, აწვდის მათ 3 თემას. მაგ, 1. ჩემი ოცნების არდადეგები (my dream holidays), ჩემი ოცნების ქალაქი (my dream city), ჩემი საუკეთესო გასული არდადეგები (my best past vacation). მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და ამზადებენ ერთწუთიან საუბარს რუბრიკის მიხედვით (მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ რუბრიკები, რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ საუბრის მომზადების პროცესში (კომპონენტები: 1. საუბრის ხანგრძლივობა, 2. შინაარსი-მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება 3. მკაფიო და გასაგები საუბარი 4.ჟესტიკულაცია და .) თითოეული ჯგუფი ირჩევს საუკეთესო თემას და თემის ავტორს უწევს კლასის წინაშე საკუთარი თემის მოყოლა. პრეზენტატორი ფასდება რუბრიკის მიხედვით.
დისკუსია/დებატები (discussions/debates)
დისკუსია 21- საუკუნის ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომელიც ზეპირმეტყველების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეებში ფიქრის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. არსებობს თავისუფალი დისკუსია (free discussion), რომელშიც მასწავლებლის აქტიურობა მინიმალურია და დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და სტრუქტურირებული (structured discussion), რომელშიც მოსწავლეების როლი და ფუნქციები წინასწარ არის განსაზღვრული, შემუშავებულია წესები და მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის ფუნქციას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადისკუსიო თემის/კითხვების შერჩევა დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან სასაუბრო თემატიკა უნდა განისაზღვრებოდეს მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით. ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და სახალისოცაა, ვინაიდან ეს აქტივობა მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას თავი დააღწიონ მერხებთან ჯდომის მომაბეზრებელ რუტინას.
სად დგახარ? Where do you stand?
მასწავლებელი კლასის ერთ კუთხეში ათავსებს წარწერას ვეთანხმები (agree), ხოლო მეორე კუთხეში წარწერას არ ვეთანხმები (disagree). მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ სხვადასხვა მტკიცებულებებს (statements) კონკრეტული თემის ირგვლივ, იღებენ გადაწყვეტილებას, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან მოცემულ მტკიცებულებას, მოძრაობენ კლასში და იკავებენ თავიანთ ადგილს შესაფერის წარწერასთან. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშუალებას არგუმენტებით დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილება.

                                    საკვლევი პრობლემის არსის გაანალიზება
ყოველდღიურად ჩატარებულ ინგლისური  ენის გაკვეთილებზე დაკვირვებამ გამოავლინა ,რომ მოსწავლეთა უმეტესობას უჭირს ზეპირი კომუნიკაცია.როგორც შემდგომ გაირკვა მსგავსი პრობლემები ჩემს კოლეგებსაც ჰქონდათ. პრობლემის გამოკვეთის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეწყო პრაქტიკული კვლევა იმის შესახებ თუ რატომ უჭირთ მერვე კლასის მოსწავლეებს ზეპირი კომუნიკაცია.ეს კვლევა კი საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა რეალური პრობლემები, რათა მომავალში დავხმარებოდით მოსწავლეებს მის აღმოფხვრასა და დაძლევაში.მოსწავლეები მიიღებდნენ ამ კვლევით სარგებელს, გაიაზრებდნენ ყოველივე ამას და თავადაც იზრუნებდნენ სიახლეების მისაღებად.
ამიტომაც დავიწყეთ პრაქტიკული კვლევა, რათა  გამოგვეკვლია   თუ რატომ ვერ ახერხებენ მერვე კლასის მოსწავლეები  ზეპირ კომუნიკაციას უცხო ენაში. რა შეიძლება ყოფილიყო პრობლემის გამომწვევი მიზეზები.საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენეთ როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები:
      ჩავატარეთ მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი, რომლის მიზანი იყო დაგვედგინა რამდენად ხშირად ერთვებიან მოსწავლეები ზეპირ კომუნიკაციაში. ხდება თუ არა ზეპირმეტყველების გაუმჯობესებისათვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რა მეთოდებს იყენებენ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან საკომუნიკაციო უნარჩვევების გასაუმჯობესებლად.იყენებენ თუ არა გარეგან მოტივაციას .
      განხორციელდა აღწერითი   დაკვირვება  მოსწავლეებთან.
      ჩატარდა წერილობითი გამოკითხვა  მოსწავლეებთან.

ფოკუს ჯგუფი ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის საბაზო საფეხურის  მასწავლებლებთან
რადგანაც ფოკუსჯგუფის დროს აზრთა გაცვლის პროცესში, რესპოდენტები უკეთ ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას პრობლემისადმი, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი.ფოკუსჯგუფის თემა იყო ის სირთულეები, რომელიც ახლავს ზეპირმეტყველებას.
ფოკუს ჯგუფი ჩატარდა  იმ ქართული და უცხო ენის მასწავლებლებთან, რომლებიც ასწავლიდნენ საბაზო საფეხურზე. სულ  გამოიკითხა 3 მასწავლებელი.წინასწარ მომზადდა  შეკითხვები. ( დანართი 1 )ფოკუსჯგუფის დროს მოხდა აზრთა გაცვლა , სადაც რესპოდენტებმა უკეთ გამოავლინეს თავიანთი დამოკიდებულება პრობლემისადმი.მასწავლებელთა უმეტესობა განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩეოდა.ყველა მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა თავიანთი აზრები და შეხედულებები გამოეთქვათ თავისუფლად.
აღნიშნულმა კი დაგვეხმარა  იმაში, რომ  გაგვერკვია იყო თუ არა ასეთი პრობლემა აღნიშნულ კლასთან სხვა საგნებში კერძოდ ქართულ ენაში. მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ თითქოს საერთო პრობლემა არსებობს ზეპირმეტყველებაში.გამოიკითხა ორი ქართული ენის მასწავლებელი .როგორც  მასწავლებლებმა აღნიშნეს მშობლიურ ენაზეც უჭირთ მეტყველება. გამოყეს ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა: თემის, მასალის არცოდნა, გრამატიკული მასალის უგულებელყოფა, თემის გაზეპირება და დაბნეულობა, დიალექტურ ენაზე საუბარი.თუმცა მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ ისინი იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს ზეპირმეტყველების უნარის განვითარებისათვის. ესენია: მთხრობელის მიერ გამოტოვებული ინფორმააციის შევსება, ტექსტის ინტერპრეტაცია,ცალკეული ფრაზების სიტყვების განმეორება და როლური თამაში. თუმცა აღნიშნეს, რომ ამ სტრატეგიების გამოყენება არ აქვს სისტემატიური ხასიათი.ასევე ნაკლებად იყენებენ მასწავლებლები  გარე და შინაგან მოტივაციას, ორიენტირებულები არიან მხოლოდ ძლიერ მოსწავლეებზე.სუსტი მოსწავლეები კი, როგორც მათ აღნიშნეს, მხოლოდ კლასში მოსმენილი ტექსტის განმეორებით  შემოიფარგლებიან.ასეთი მოსწავლეები ექცევიან ჩრდილქვეშ.
ასევე გამოიკითხა ინგლისური ენის მასწავლებელი , რომელიც აღნიშნავს, რომ ზეპირმეტყველება და ცოცხალი ურთიერთობები არის აქილევსის ქუსლი.იგი აღნიშნავს, რომ მოსწავლეები ერთვებიან ზეპირი მეტყველების დროს, მაგრამ პასიურად, აქტიურია მასწავლებელი ვიდრე მოსწავლე.მასწავლებლის საუბრიდან ჩანს, რომ ხელს უშლის მოსწავლეებში ლექსიკური ერთეულების არასაკმარისი ცოდნა და მათი მზაობა.ასევე ვიგებთ, რომ მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს, როგორიცაა: პრეზენტაცია, სურათის აღწერა , სიტუაციური დიალოგების გათამაშება, საუბარი რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე პრობლემებზე. მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ხშირად იყენებს გარე მოტივაციას მოსწავლეთა ჩართულობისათვის და ინტერესის გაღვივებისათვის, რათა უკეთ  ჩაერთონ მოსწავლეები ზეპირ კომუნიკაციაში.ასევე მასწავლებელი იყენებს საკუთარი საქმიანობის თვითშეფასებას.

წერილობითი გამოკითხვა მოსწავლეებთან
1.     წერილობითი გამოკითხვა, როგორც კვლევის მეთოდი, ჩავატარეთ მერვე კლასის მოსწავლეებთან მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რათა გაგვეგო მოსწავლეთა დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე.დავიწყეთ  კითხვების ჩამოყალიბება. რამდენად  ხშირად ერთვებიან ზეპირ კომუნიკაციაში საგაკვეთილო პროცესში, უჭირთ თუ არა მათ მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია, რა სირთულეს აწყდებოდნენ ზეპირმეტყველების დროს, ეხმარებათ თუ არა დიალოგური ფრაზების  დაზეპირება  ზეპირი მეტყველებისას. იმეორებენ თუ არა ლექსიკურ ერთეულებს ყოველ გაკვეთილზე, ყვებიან თუ არა სახლში გაკვეთილზე მოსაყოლ ტექსტს. რომელი ასპექტი წარმოადგენს მათთვის  სირთულეს ზეპირი მეტყველების დროს. (დანართი 2)
მოსწავლეებს ავუხსენით წერილობითი გამოკითხვის მიზანი.მოსწავლეებს დავანახეთ რომ თითოეულის აზრი ჩვენთვის პატივსაცემია და ღირებული.ამით მოვიპოვეთ მათი ნდობა და გულწრფელობა. შემდეგ დაურიგეთ  წინასწარ მომზადებული კითხვარი სადაც გამოჩნდა რომ მოსწავლეები გულწრფელად გვპასუხობდნენ.
                                        აღწერითი დაკვირვება
იმისათვის რომ არსებული პრობლემა უკეთესად დაგვენახა ასევე გამოვიყენეთ აღწერითი დაკვირვების მეთოდი. (დანართი 3) აღწერითი დაკვირვება  მიმდინარეობდა  მერვე კლასის მოსწავლეებზე  ორი კვირის  განმავლობაში. მოსწავლეებს ვთავაზობდით სხვადასხვა  მარტივ და რთულ სასაუბრო თემებს და ვახდენდით მათზე დაკვირვებას.აღწერითი  დაკვირვება  მიმდინარეობდა კერძოდ მოსწავლეთა მიერ ლექსიკური, გრამატიკული ერთეულების ფლობის, გამართულად საუბრის და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების უნარების  დასადგენად.

                                        მონაცემთა ანალიზი
  ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა მერვე კლასის   მოსწავლეებს  ზეპირმეტყველებისას. მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფი, რომლის მიზანი იყო ასევე დაგვედგინა მშობლიურ ენაზე რამდენად სწორად  ახერხებენ კომუნიკაციას, ზეპირმეტყველებას, აღმოჩნდა რომ ამ შემთხვევაშიც იკვეთება მსგავსი პრობლემები.როგორიცაა: თემის, მასალის არცოდნა, გრამატიკული მასალის უგულებელყოფა, თემის გაზეპირება , დაბნეულობა და დიალექტურ ენაზე საუბარი.
მოსწავლეებთან წერილობითმა  გამოკითხვამ გამოავლინა , თუ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები ზეპირი მეტყველებისას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება, გრამატიკული მასალის სწორად გამოყენება ზეპირი მეტყველებისას, ასევე მათთვის   სირთულეს წარმოადგენს ლექსიკური ერთეულების არასაკმარისი ცოდნა შესაფერის თემებთან დაკავშირებით.ასევე მოსწავლეები აღნიშნავენ იმას, რომ არ ხდება გაკვეთილების თხრობა  და სათანადოდ მომზადება სახლში და არ ხდება უცხო სიტყვათა ლექსიკონის წარმოება.ჩატარებული გამოკითხვიდან ,აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ძირითად აქცენტს ლექსიკურს მარაგსა და გრამატიკული მასალის არასაკმარის ცოდნას ასახელებს.
სულ გამოკითხული 10 მოსწავლიდან
ინგლისური ენის გაკვეთილზე ხშირად ერთვება ზეპირ კომუნიკაციაში  70%, ყოველთვის 20% და არასდროს 10%.
არ უჭირს მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია 70%, უჭირს 10% და ნაწილობრივ 20%.
გრამატიკული მასალის   სირთულეს  ინგლისური ენის ზეპირმეტყველების დრო აწყდება 40%, ხოლო ლექსიკონის ცოდნას 60%.
70% თვლის რომ დიალოგური ფრაზების  დაზეპირება ეხმარება ზეპირ კომუნიკაციაში,ხოლო 30% კი __არა.
ყოველთვის იმეორებს ლექსიკურ ერთეულებს 30%, ხშირად 30% და იშვიათად 40%.
სახლში იშვიათად ყვებიან  გაკვეთილზე  მოსაყოლ ტექსტს 30%, ყოველთვის 0% და არა 70%.
აღწერითმა დაკვირვებამ , რომლის მიზანი იყო დაგვენახა თუ ,რა იყო მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ზეპირმეტყველებისას  ხელისშემშლელი ფაქტორები, გამოვლინდა, რომ მოსწავლეების ნაწილს უჭირთ გრამატიკული მასალის სწორად გამოყენება ზეპირმეტყველებისას,ნაწილს კი საკმარისი ლექსიკური ერთეულების არცოდნა.გამოვლინდა ის ფაქტიც, რომ რამოდენიმე მოსწავლეს  უჭირს გამართულად მეტყველება და ვერ ფლობს ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევებს. აღწერითმა დაკვირვებამ აჩვენა რომ მოსწავლეების მხრიდან კითხვა პასუხის რეჟიმი უფრო უკეთესად მიმდინარეობს ვიდრე გაბმულად ზეპირი კომუნიკაცია.


აღწერითი დაკვირვების მონაცემთა ანალიზი დიაგრამის სახით
დიაგრამა 1.

 დიაგრამა 2.
            

დიაგრამ 3                                  

დიაგრამა 4





                                       კვლევის მიგნებები

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება
1.     არ ხდება მოსწავლეებზე  თავისუფალი თემების მიწოდება .
2.     სისტემატიურად არ ხდება შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება ზეპირმეტყველების უნარის გასავითარებლად.
3.     საგაკვეთილო პროცესში არ მოწმდება ლექსიკური ერთეულების ცოდნის დონე.
4.     არ ხდება გრამატიკული მასალის ათვისების დონის შემოწმება.

                                            ინტერვენცია
შესაძლო ინტერვენციები:
როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებული ზეპირმეტყველების უნარების ჩამოყალიბებას, გახლავთ იმ მისასვლელი გზის ეტაპობრივად დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც გაითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს.იმისათვის რომ ხელი შეუწყო ყოველი მოსწავლის წინსვლას აუცილებელია მასწავლებელმა თითოეულ მათგანს დაძლევადი მიზნები დაუსახოს და შესთავაზოს დაძლევადი ამოცანები.როგორც ვიცით მოსწავლეები თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შეიმუშაოს ისეთი აქტივობები და მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობათა შეფასებასა და შესაბამისი ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებაში, რათა მოსწავლეებს სირთულეების ეტაპობრივად  დაძლევის  საშუალება მისცეს.
გარდა ამისა გასათვალისწინებელია ყველა ის უნარი, რომელთა დაუფლებასაც გულისხმობს ზეპირმეტყველება.მაგ: თემასთან შესაბამისი ლექსიკური ერთეულების ფლობა, გრამატიკული მასალის ცოდნა და გაბმულად მეტყველება.მასწავლებელს ხელთ უნდა ჰქონდეს  მეთოდების მრავალფეროვანი  სპექტრი, რომლითაც ის შესძლებს მოსწავლეებს გაუვარჯიშოს ეს  უნარები.
ზემოთ  ხსენებულიდან გამომდინარე, ასევე კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამოდენიმე ვარიანტი.მეორე სემესტრის დასრულებამდე უნდა გვემუშავა კონკრეტული მეთოდების გამოყენებით, რომელიც მათ დაეხმარებოდა ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში.ეს მეთოდებია: როლური თამაში, მთხრობელობა  და  გამოკითხვა წყვილებში.

                                         განხორციელებული ინტერვენციები
იმისათვის რომ მერვე კლასის მოსწავლეებს  დავხმარებოდით  ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში გამოვიყენეთ სხვადასხვა მეთოდები, როგორიცაა: როლური თამაში, გამოკითხვა წყვილებში, მთხრობელობა   .ორი თვის განმავლობაში მოსწავლეებს უნდა ემუშავათ აღნიშნულ მეთოდებით შედგენილ სავარჯიშოებზე.ხოლო სემესტრის ბოლოს კი საშუალება გვექნებოდა დაგვედგინა რამდენად გაამართლა განხორციელებულმა ინტერვენციებმა.   
                                           

                                                       ინტერვენციის შეფასება  
ჩვენი შეფასების მიზანი იყო გაგვეგო:
1.რამდენად შეუწყო ხელი მასწალებლის მიერ  გამოყენებულმა მეთოდებმა , მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას
2.რამდენად დადგინდა მოსწავლეთა საჭიროებები.                   
3.შევძელით თუ არა მოსწავლეებში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული უნარების შემოწმება?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დავგეგმეთ შემდეგი მეთოდების გამოყენება.
როლური თამაში: წინასწარ შევადგინეთ სცენარი სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე.ერთ სცენარში მოსწავლეებს თვითონ უნდა აერჩიათ როლები , ხოლო მეორე სცენარში მასწავლებელი თვითონვე არგებს მოსწავლეებს შესაფერის როლს, მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.შემდეგ კი მოსწავლეებმა უნდა გაითამაშონ როლები.
სიტუაცია 1: ქალაქის ცენტრში გაიხსნა ახალი მაღაზია,, კიდობანი“.ქალიშვილი სთხოვს დედას რომ ეწვიონ ამ მაღაზიას, შეარჩიოს რაიმე საყიდლათ. ამაში მას ეხმარება დედა და გამყიდველი.
სიტუაცია 2:დიდ სუპრმარკეტში ხანდაზმული ქალბატონი მიდის სალაროსთან თანხის გადასახდელად.ამ დროს აღმოჩნდება რომ მას არ აქვს პორტფელი.ქალბატონი განაცხადებს რომ მას მოჰპარეს პორტფელი.მოლარე გამოიძახებს მცველს , ხოლო მცველი გამოიძახებს პოლიციას და მიმდინარეობს დაკითხვა.
გამოკითხვა წყვილებში: ( ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების შესამოწმებლად). მოსწავლეებს  მივაწოდეთ წინასწარ  გამზადებული კითხვები თემის ირგვლივ.მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად : ინტერვიუვერი  და რესპოდენტი. ისინი აწარმოებენ გამოკითხვას და აკეთებენ მოხსენებას მოპოვებული ინფორმაციის წარდგენით.
მთხრობელობა: მოსწავლეებს ვაძლევთ თავისუფალ სასაუბრო თემებს 1) ჩემი ოცნების არდადეგები 2) დღე რომელიც არასდროს დამავიწყდება. 3) ჩემი გატაცება და ჰობი. 4) თინეიჯერების ცხოვრება.მოსწავლეები ამზადებენ ხუთწუთიან სასაუბრო თემებს რუბრიკის მიიხედვით.მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ რუბრიკები რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები რაც უნდა გაითვალისწინონ მათ საუბრის მომზადების პროცესში.
კომპონენტები:1) საუბრის ხანგრძლივობა
                            2) მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება
                            3) თემასთან შესაბამისობა
                           4) შესაბამისი გრამატიკული ერთეულების გამოყენება.
                     განხორციელებული ინტერვენციის მონაცემთა ანალიზი
ჩემს  მიერ ზეპირმეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად გამოყენებულმა ინტერვენციებმა შემდეგი შედეგი აჩვენა.
1)როლური თამაში:აღსანიშნავია ის ფაქტი რომ როლური თამაშის დროს ყველა მოსწავლე ჩართულია თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა უკეთ  გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები  და  საგრძნობლად გააუმჯობესეს  ლექსიკური ერთეულები.თითოეული სცენარის დამუშავებისას მოსწავლეები  აკეთებდნენ უცხო სიტყვათა ლექსიკონს, რაც ეხმარებოდა მათ სიტყვების უკეთ შესწავლაში.მოსწავლეები რომლებიც შედიოდნენ სხვადასხვა პერსონაჟის როლში ,დიდი სურვილითა და კმაყოფილებით გადმოსცემდნენ და ითავისებდნენ ამ როლებს და აღმოჩნდა, რომ შემდგომში ის სასაუბრო , სამეტყველო ლექსიკა რომელიც როლური თამშის დროს შეისწავლეს უკეთ ახსოვდათ, ვიდრე გაკვეთილზე შესწავლილი სიტყვები.  
2) გამოკითხვა წყვილებში: ამ მეთოდის გამოყენებამ  ნათლად დამანახა  მოსწავლეებში წინსვლა გრამატიკული მასალის უკეთ ათვისებაში. მოსწავლეები კითხვის დასმის დროს სწორად იყენებდნენ სათანდო დროს, კითხვით ფორმებს და გრამატიკულ კონსტრუქციებს.ცდილობდნენ კითხვები სწორად დაესვათ და შესაბამისად პასუხებიც სწორად ჩამოეყალიბებინათ.
3) მთხრობელობა: ამ მეთოდის გამოყენებამ უკეთ აჩვენა, ერთდროულად ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების სათანადოდ გამოყენების გაუმჯობესება.მოსწავლეები საუბრისას ცდილობდნენ  მეტი ყურადღება გამოეჩინა გრამატიკული დროების გამოყენებისას და  მრავალფეროვანი ლექსიკის გამოყენებით ეთქვათ თავიანთი სათქმელი.,,მთხრობელობა“ მეთოდის პირველი ჩარევის დროს ინგლისურ  ენაში შედეგები ასეთია:დაკვირვების ცხრილმა აჩვენა, რომ ინგლისურ  ენაში   10 მოსწავლიდან  50%  ყოველთვის იყენებს მრავალფეროვან ლექსიკურ ერთეულებს , სწორად წარმოთქვამს სიტყვებს, ხშირად 40%, ხოლო არასდროს 10%.
დაკვირვების ცხრილის მეორე კრიტერიუმის მიხედვით ზეპირირმეტყველებისას სწორად იყენებს ნასწავლ გრამატიკულ ერთეულებს 40%, ხშირად 40% და არასდროს 20%.
მესამე კრიტერიუმის მიხედვით 40% ყოველთვის სწორად იყენებს დროის გამომხატველ ნასწავლ ფორმებს, ხშირად  30% და არასდროს 20%.
ბოლო ანუ მეოთხე ჩარევის დროს იმავე მოთოდით შედეგები ასეთია. უკვე 10 მოსწავლიდან 70% ყოველთვის იყენებს მრავალფეროვალ ლექსიკურ ერთეულებს ,სწორად წარმოთქვამს სიტყვებს., ხშირად 30% და არასდროს 0 %.
70% ყოველთვის სწორად იყენებს ნასწავლ გრამატიკულ ერთეულებს, ხშირად 20%  და  არასდროს  10%.
ყოველთვის სწორად იყენებს დროის გამომხატველ ნასწავლ ფორმებს 70%, ხშირად 20% და არასდროს 10%.
ამ შედეგებს თუ შევადარებთ ნათლად ჩანს, რომ პირველადი ინტერვენციის შედეგები საგრძნობლად განსხვავდება  მეოთხე ინტერვენციის მონაცემებისგან.ამ მეთოდის მრავალჯერადმა გამოყენებამ მოსწავლეებში აჩვენა ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გაუმჯობესება .

                                                          რეკომენდაციები
1)აუცილებელია მასწავლებელმა გამოიყენოს ისეთი სტრატეგიები, რომელიც დაეხმარება  მოსწავლეებს ზეპირი  მეტყველების განვითარებაში.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევებზე მიმართული კონკრეტული სტრატეგიების  სისტემატიურად გამოყენება.
კვლევის მიმდინარეობის პროცესში მონაცემთა შეგროვების მეთოდებმა გამოავლინა და ნათლად გვაჩვენა პრობლემის გამომწვევი მიზეზები.ასევე გამოიკვეთა თუ რას ფიქრობდნენ პედაგოგები ამ პრობლემასთან დაკავშირებით.გაირკვა რომ მასწავლებლები, რომლებთანაც ჩატარდა ფოკუს ჯგუფი, ზეპირმეტყველებების უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლებისათვის მასწავლებლები სისტემატიურად არ იყენებენ ისეთ სტრატეგიებსა და აქტივობებს, როგორიცაა: როლური თამაში, ინტერვიუ, მთხრობელობა, დიალოგი.ამისათვის საჭიროა მოსწავლეებს გავაცნოთ და ვავარჯიშოთ ახალი ტიპის აქტივობების გამოყენებით, რომელიც დაეხმარება მათ ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში.
2) მოსწავლეთა ზეპირმეტყველების  გაუმჯობესების მიზნით  საჭიროა რეკომენდაციების და უკუკავშირის მიცემა.
მოსწავლეთა მზაობის  შეფასების და პროგრესის მონიტორინგის მიზნით დავიწყეთ აღწერითი დაკვირვება. ამ მეთოდის გამოყენებისას შევიტანეთ ისეთი სასაუბრო თემები, რაც მოსწავლის საჭიროებების გარკვევის საშუალებას მოგვცემდა. აღწერითი დაკვირვების ცხრილში კი შეგვქონდა მონაცემები, რამაც გაგვიადვილა მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა. აღწერითი დაკვირვების დროს თითოეულ მოსწავლეს ეძლეოდა ზეპირი უკუკავშირი.
3)საჭიროა მასწავლებლებთან თანამშრომლობა , როგორც საკუთარი , ისე კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
კვლევის დასაწყისში  მასწავლებლებთან ჩატარებულმა  ფოკუს ჯგუფის შედეგებმა აჩვენა , რომ აუცილებელია თანამშრომლობა და ახალი მეთოდებისა და სიახლეების დანერგვა.ფოკუს ჯგუფის შედეგად მიღებულმა ინფორმაციებმა სასარგებლო მასალა მოგვაწოდა ანკეტისათვის კითხვარის შესადგენად.

                                                               დასკვნა
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მერვე კლასის მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების  პოვნა.კვლევა გაგრძელდა 4 თვე.კვლევის ანალიზის საფუძველზე განვახორციელეთ ინტერვენცია, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ მოსწავლეებს შევთავაზეთ  უცხო ენაში ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებელი ინოვაციური , ახალი მეთოდები.სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით გაუმჯობესდა მოსწავლეთ აკადემიური შედეგები.ეს ინოვაციური მიდგომები და აქტივობები გათვლილი იყო მთელ კლასთან შედეგის მაქსიმალურ მიღწევაზე  და არ ითვალისწინებს განსაკუთრებით ძლიერი მოსწავლეების ინტერესებს. ვთვლით რომ მასწავლებელი არ უნდა იყოს ორიენტირებული სახელმძღვანელოს მთლიანად გავლაზე, მან უნდა იზრუნოს  მოსწავლეებს გამოუმუშაოს 21-ე საუკუნეში დამოუკიდებლად კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
ვფიქრობთ, რომ სისტემატიური ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია მოსწავლეებს განუვითარდეთ ის უნარები, რომელიც დაეხმარება ზეპირმეტყველების დროს.კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც გავაცანი ჩემს კოლეგებს.
                          კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარება( რეფლექსია)
კვლევაზე მუშაობის დამთავრების შემდგომ, გადავწყვიტეთ ჩვენი კვლევა გაგვეცნო უცხო ენის კათედრაზე შემავალი პედაგოგებისათვის და ასევე იმ დაინტერესებული პედაგოგებისათვის, რომლებსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. ერთ-ერთი კათედრის  სხდომის  დროს საუბრისას გამოიკვეთა ,რომ ჩვენ ინგლისური და რუსული ენის მასწავლებლებს გვაწუხებდა კონკრეტულად ერთიდაიგივე პრობლემა, კერძოდ ზეპირმეტყველების განვითარება __ გაუმჯობესება მოსწავლეებში ,რომელიც მნიშვნელოვნია ჩვენი ქვეყნისთვის (როგორც ტურისტული ქვეყანა).
სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ,რომ გამოგვეკვლია თუ რა იყო ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ავირჩიეთ სამიზნე კლასად ერთიდაიგივე კლასი ,,მერვე’’. და დავიწყეთ მუშაობა.გავაანალიზეთ საკვლევი პრობლემის არსი,შევიმუშავეთ კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები და ქვეკითხვები.იმისათვის, რომ უკვეთ გამოგვეგო საკვლევი პრობლემის არსი, შევიმუშავეთ მეთოდები, როგორიცაა ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან , წერილობითი ანკეტირება მოსწავლეებთან და აღწერითი დაკვირვება. განვახორციელეთ ინტერვენციები, რომლის მიზანიც იყო აღმოეფხვრა ან ნაწილობრივ გაეუმჯობესებინა ზემოთ აღნიშნული პრობლემა.
კოლეგებს წარვუდგინეთ კვლევის პრეზენტაცია, ვისაუბრეთ ჩვენი კვლევის მიზანზე და შედეგებზე, ასევე იმაზე თუ  საერთოდ რატომ  დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა.გავაცანით რა მეთოდები გამოვიყენეთ კვლევისას და რა შედეგები მოგვცა თითოეულმა მათგანმა.ასევე გავაცანით თუ რა ინტერვენციები განვახორციელეთ და რა იყო შედეგი. როგორც შედეგებიდან ჩანს აღნიშნული მეთოდების სისტემატიურმა გამოყენებამ გვიჩვენა გაუმჯობესება ზეპირ კომუნიკაციასთან მიმართებაში.
კოლეგებმა დადებითად შეგვიფასეს ჩვენი კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ კარგია როცა ასეთი კვლევები ტარდება იმ საკითხების და პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც არსებობს სასწავლო პროცესში და შემდეგ ხდება ამის გაზიარება კოლეგებისათვის , რათა მსგავსი პრობლემის გამოკვეთის დროს გაითვალისწინებენ იმ მეთოდებს რომლებიც გამოყენებულ იქნა კვლევის მიმდინარეობისას. მოეწონათ ჩვენს მიერ შერჩეული  სტრატეგიები, კერძოდ როლური თამაში და აღნიშნეს, რომ  საგაკვეთილო სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ იყენებენ ამ მეთოდს . უცხო ენის მასწავლებლები  კი თვლიან, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ცოცხალი ენის პრაქტიკული გამოყენების საშუალება, ამიტომაც როლური თამაშები ერთ_ერთი საუკეთესო მეთოდია  ენის რეალიების შესასწავლად მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე.


                                                         ბიბლიოგრაფია
1.     ,,www.mastsavlebeli.ge’’ ინტერნეტ ჟურნალი__ ,,მასწავლებელი’’,  ნათია ქათამაძე. ,,ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში.’’( 16 თებერვალი, 2016წ)
2.     Ncp.ge ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალი.





დანართი 1
ფოკუს ჯგუფის კითხვარი
1.ახერხებენ თუ არა მერვე კლასის მოსწავლეები ზეპირ კომუნიკაციას?
2.რამდენად ხშირად ერთვებიან მოსწავლეები ზეპირ კომუნიკაციაში?
3.ხდება თუ არა ზეპირი მეტყველების განვითარებისათვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება?
4.რა მეთოდს იენებთ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან საკომუნიკაციო უნარ--ჩვევების გასაუმჯობესებლად?
5.იყენებთ თუ არა გარეგან მოტივაციას.

დანართი 2.
მოსწავლეთა წერილობითი ანკეტა
1.რამდენად ხშირად ერთვები ზეპირ  კომუნიკაციაში ინგლისური  ენის საგაკვეთილო პროცესში?
ა) ხშირად       ბ) არასდროს      გ) ყოველთვის

2.     გიჭირთ თუ არა მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია?
ა) დიახ           ბ) არა       გ) ნაწილობრივ

3.     რა სირთულეს აწყდებით ინგლისურ  ენაში ზეპირი მეტყველების დროს?
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
4.     როგორ ფიქრობთ,  გეხმარებათ თუ არა დიალოგური ფრაზების   დაზეპირება  ზეპირი მეტყველებისას.
ა) დიახ      ბ) არა

5.     იმეორებთ თუ არა ლექსიკურ ერთეულებს ყოველ გაკვეთილზე?
ა) ხშირად     ბ) ყოველთვის     გ) იშვიათად     
     
6.     ყვებით თუ არა სახლში გაკვეთილზე მოსაყოლ ტექსტს.

ა) ყოველთვის          ბ) იშვიათად      გ) არა

    
  7.რომელი ასპექტი წარმოადგენს თქვენთვის სირთულეს ინგლისურ  ენაზე ზეპირი მეტყველების დროს?     
          ა) გრამატიკული მასალის ცოდნა
ბ) ლექსიკური ერთეულების ცოდნა
გ) ორივე   ერთდროულად.


დანართი 3.
აღწერითი  დაკვირვების   ცხრილი

დაკვირვების კრიტერიუმები
ხშირად
იშვიათად
არასდროს
1.უშვებს გრამატიკულ შეცდომებს



2.სწორად იყენებს ლექსიკურ ერთეულებს



3.საუბრობს გამართულად თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო თემატიკაზე



4.ფლობს ზეპირმეტყველების უნარ_ჩვევებს.





1 comment:

  1. საინტერესო თემაა და აქტუალური საკითხი

    ReplyDelete